„2025 წელი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით წარმატებული იყო“ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის მიმართულება, მათ შორის, ჩინეთი, სადაც საკმაოდ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. კოვიდ პანდემიის შემდეგ, ამ ქვეყანაში საკმაოდ კლება იყო და წელს პირველად, უკვე დაფიქსირდა ქართული ღვინის მოხმარების ზრდა“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, თამთა ყველაიძის განცხადებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე კიდევ უფრო მასშტაბური და აქტიური გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტიობები.
„ვაგრძელებთ პოლონეთში აქტიურ მუშაობას, სადაც ჩვენი მთავარი მიზანია პრემიუმ სეგმენტზე შესვლა და დამკვიდრება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ გერმანიის ბაზარზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საექსპორტო ბაზარია. გერმანელი მომხმარებელი საკმაოდ გახსნილია და აქვს მიმღებლობა ახალი პროდუქტისადმი. გერმანიაში ვაწარმოებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების ზრდის კამპანიას, რაც გულსიხმობს ღვინის ქსელურ მაღაზიებში „ქართული ღვინის თაროების“ გაჩენას, რაც მომავალ წელს უფრო გააქტიურდება და მასშტაბური იქნება. აქტიურად ვმუშაობთ დიდ ბრიტანეთში, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან აშშ-ს ბაზარზე, სადაც წელს შევცვალეთ სტრატეგია და ვოროიენტირდით მომხმარებელზე, რადგან აშშ-ში ღვინის პროფესიონალებს უკვე საკმაო ცოდნა დაუგროვდათ ქართულ ღვინოზე. აშშ-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მომხმარებელზე ორიენტირებულ მრავალ ადგილობრივ ფესტივალზე, სადაც წარვსდექით ქართული სტენდით. აშშ-ში გავაგრძელებთ ამ მიმართულებას. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებსა და პროფესიონალებს, უფრო ხშირად ესმოდეთ ქართული ღვინის შესახებ როგორც მედიაში, ისე ფესტივალებსა და გამოფენებზე“ – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 განვლილ პერიოდში, ქართული ღვინო 36 გამოფენა-ფესტივალსა და 300-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი. „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში გაიმართა 37 გამოფენა-ფესტივალი. უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიისთვის საქართველოში 18 ღვინის ტური გაიმართა. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა.