გერმანიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად 60-ზე მეტი ბავშვი დაშავდა
გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში სასკოლო ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 60-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
„სამშაბათს დილით, ბრაისგაუს რაიონის (ბადენ-ვიურტემბერგი) მარჩის თემში დაძაბული სიტუაცია შეიქმნა: სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ავტობუსს გზა არ დაუთმო. ავტობუსის მძღოლმა დაამუხრუჭა, რის შედეგადაც მის უკან მჯდომი 66 ბავშვი დაშავდა“, – იუწყება გამოცემა.
როგორც Bild-ი, ბრაისგაუს პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, არცერთ ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. მათ აღენიშნებოდათ სილურჯეები და ნაკაწრები, ზოგიერთი – თავის ტკივილს უჩიოდა.