პარლამენტმა  ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”  პარლამენტის დადგენილების პროექტს 76 ხმით მხარი დაუჭირა.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დადგენილების თანახმად:  1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2026-2028 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.

“2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2026-2028 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი), რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

3. 2026-2028 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
დადგენილების პროექტის კენჭისყრამდე, პარლამენტმა მოისმინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მოხსენება 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
ნათია თურნავამ ისაუბრა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს და შესაძლო რისკებზე,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები