თსუ-ში აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას 135-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი გაიმართა

თსუ-ში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას 135 წლისთავს მიეძღვნა.
„ეთნოლოგია არა მხოლოდ მეცნიერებაა, ეს არის ჩვენი ისტორიული მეხსიერების, იდენტობისა და ყოველდღიური ყოფის პულსაცია“… – აღნიშნა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. მან ასევე ისაუბრა ჩიტაიას როლზე ეთნოლოგიის განვითარებაში და ახალი თაობის მკვლევართა ჩართულობის მნიშვნელობაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თემები – ქართული ეპიგრაფიკა, ხალხური რიტუალები, ეთნოკულტურული პეიზაჟის ტრანსფორმაცია და სხვა.
სიმპოზიუმზე თსუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა პროფესორი, ეთნოლოგი იოსებ (სოსო) კვიციანი მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, სტუდენტები და პროფესორები.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია.
სიმპოზიუმი 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები