ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს თბილისი მთელი ჩვენი ქვეყნის მასპინძელია

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი საკრებულოს რეაბილიტირებულ შენობაში “თბილისობის” გახსნას დაესწრო, სადაც მან მოსახლეობას “თბილისობა” მიულოცა.
“დღეს ჩვენი დედაქალაქი მთელი ჩვენი ქვეყნის მასპინძელია, დღეს მთელი საქართველო ზეიმობს თბილისელებთან ერთად. ორი დღის განმავლობაში ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ამ დღეებში ქალაქს დაუბრუნდება მხოლოდ ძველი თბილისისათვის ჩვეული ხიბლი და, ამავე დროს, ჩვენ ვიზეიმებთ თანამედროვე თბილისთან ერთად. თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით და სწორედ ეს ქმნის მის განსაკუთრებულობას. ძნელია, სხვაგან მოიძებნოს ისეთი თბილი და კეთილმეზობლური დამოკიდებულება ხალხთა შორის, როგორიც ეს თბილისშია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დამსწრეებს საკრებულოს ახალი შენობის გახსნაც მიულოცა.
სასიხარულოა, რომ წლევანდელ “თბილისობას” საკრებულოს განახლებულ შენობაში ვხსნით. ყველას გილოცავთ ამ ისტორიული შენობის აღდგენას. მინდა დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა თბილისელს, თბილისელ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს, უკრაინელებს, რუსებს, ქურთებს, იეზიდებს, ბერძნებს, ყველას, ვისთვისაც თბილისელობა საამაყო და საპატიოა”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, თბილისში ქალაქის განვითარების და წარმატების ახალი ეტაპი იწყება. “ახალი სკვერები, ახალი სკოლები, ახალი გასართობი და დასასვენებელი ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი დედაქალაქისთვის! ჩვენი მიზანია, თბილისელებისთვის თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და კეთილმოწყობილი ქალაქი, მთელი საქართველოსთვის კი – საამაყო დედაქალაქი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ თბილისობას, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები