მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის“ პროექტში არ აქვს
საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, ფინანსური, „იგლ ჰილსის“ პროექტში არ აქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს არ გაუცია ფინანსური გარანტია და უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციის მიუხედავად, ინვესტორისთვის არ მიუცია საგამონაკლისო ან განსხვავებული შეთავაზება, მათ შორის, საგადასახადო შინაარსის.
„პირიქით, სახელმწიფომ უზრუნველყო ის, რომ შექმნა ახალი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს ნამდვილად არის სანიმუშო შეთანხმება და სანიმუშო ინვესტიცია, რადგან ამ ხელშეკრულებაში უმთავრესად და უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესია დაყენებული“, – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი ვალდებულებით უზრუნველყო დიდი ოდენობით ინვესტიციის მოზიდვა, შემოიყვანა მსოფლიოში რეპუტაბელური ინვესტორი, პროექტს ექნება მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.
„ამასთან, უზრუნველყო ისიც, რომ 33 პროცენტი პირდაპირ წამოიღო საერთო საწარმოში, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი 33 პროცენტის წილის შესაბამის შემოსავალს მიიღებს“, – აღნიშნა მინისტრმა.