ირაკლი ქადაგიშვილი – საკონსტიტუციო სარჩელი იმ უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული, რომელიც საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში იქნა შეკრებილი
„საკონსტიტუციო სარჩელი იმ უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული, რომელიც საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში იქნა შეკრებილი,”- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნის ინგლისურად თარგმნა მიმდინარეობს, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე.
„სარჩელი ასევე დაფუძნებულია კონკრეტული ადამიანების ჩვენებებსა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. ჩვენს სარჩელში მყარად ვართ, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ დავალება მიიღო. ამ დასკვნის ინგლისურად თარგმნა მიმდინარეობს, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე. მათი მხრიდან მცდელობაა, შესაგებელი სარჩელით თავი უფრო დაიცვან. ამ მოცემულობას ვერავინ გაექცევა, რა უმძიმესი რეალობაც საქართველოში იყო. ამ რეალობის მემკვიდრეებმა ქვეყნის რყევა დღესაც გააგრძელეს, რადგან როცა ძირშივე იწყებ არჩევნების დისკრედიტაციას და ამ ნიადაგზე რევოლუციური პროცესების პროვოცირებას იწყებ, ბუნებრივია, ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. რომელი ევროპული ქვეყანა მოითმენს ამის მეათედს ან მეოცედს? ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას ხელს არ უშლის? ყველაფერი წახალისებით ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.