არჩილ გორდულაძე: გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს – ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კანონი რეპეტიტორულ საქმიანობას კრძალავს.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, „რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი“.
„გარკვეულმა პირებმა და არ გაგვიკვირდება, რომ პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პირებზე გვაქვს საუბარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამავდროულად საზოგადოების გაღიზიანებისთვის, განსაკუთრებით, ძალიან პატივსაცემ პირთა წრის, პედაგოგების შეცდომაში შესაყვანად ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს ან რაიმე დამატებითი რეგულაცია არის შემოსული ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ და თავიანთი ცოდნა გადასცენ ნებისმიერ პირს“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.