“PACE-ს დელეგაციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ კითხვები დაისვა – ერთადერთი, რაც ითქვა, იყო ის, რომ მათ სურთ, საქართველო დაბრუნდეს და მონაწილეობა მიიღოს PACE-ს სესიებში, სხვა საკითხებზე მათ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ ნათლად დააფიქსირა, რომ თუ ეს პოზიცია შეიცვლება, იმწუთშივე აღდგება PACE-ში წევრობის სრულფასოვანი ფუნქციონირება.
„მათ ჰქონდათ რამდენიმე საკითხზე კითხვები. პირველი იყო „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მეორე იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით. მესამე იყო, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ ჩვენ თავს პარლამენტში, სადაც ოპოზიციის ნაწილი არ არის წარმოდგენილი. მეოთხე იყო, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე.
ჩვენ მათ ძალიან ნათლად ავუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ჩვენ ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც არის ჩამოთვლილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ჩვენ მათ ნათლად ვუთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე სტრასბურგში. შესაბამისად, დაველოდოთ განხილვებს.
რაც შეეხება მეორე კითხვას, რამდენად კარგია, როდესაც ოპოზიციის ნაწილი არ არის პარლამენტში – ამაზე ჩვენი პასუხი იყო, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა. მართალია, ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ იმედი ჰქონდათ, მოახდენდნენ რევოლუციას. ეს რევოლუცია ჩაუვარდათ, შესაბამისად, დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულები. შესაბამისად, აღარც რევოლუცია აღარ არის და პარლამენტის მანდატებიც აღარ აქვთ. ამიტომ თავის თავს უნდა დააბრალონ ის, რაც მოხდა.
რაც შეეხება ევროკავშირის საკითხს – ჩვენ მათ ვუპასუხეთ, რომ გვაქვს დროებით დაძაბული მდგომარეობა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ეს საკითხები ისევ ეხება ერთი მხრივ, გამჭვირვალობის კანონს და მეორე მხრივ, არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობას, ასევე, ოქტომბრის საკითხებს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ჩვენი მხრიდან და ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიცვლება და დიალოგი აღდგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
ასევე, მათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრეს – ეს არის საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა PACE-ს სესიებში. მათ გამოთქვეს წუხილი, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ სესიებში, თუმცა ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მე, რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ ჩვენი მონაწილეობის შეჩერება განპირობებულია იმით რომ PACE-ს ერთ რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველომ უნდა ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი. თქვენ ვერ წარმოადგინეთ ვერანაირი მტკიცებულება ვერც გაყალბების, ვერც დარღვევის, აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერი არის პოლიტიკურად მოტივირებული და ჩვენ ვერ მოვითმენთ პოლიტიკურად მოტივირებული ჩანაწერების არსებობს რეზოლუციებში. აქედან გამომდინარე, სანამ თქვენ არ შეცვლით ამ კონკრეტულ თემაზე პოზიციას, მანამდე ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სესიებში. ასევე ნათლად დავაფიქსირეთ, რომ თუ ეს პოზიცია შეიცვლება, ჩვენ იმწუთშივე აღდგება PACE-ში წევრობის სრულფასოვანი ფუნქციონირება,” – განაცხადა სამხარაძემ.