დავით სონღულაშვილი: ველოტურიზმი არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ადგილობრივი ტურიზმის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებისთვის

ღვინის კომპანიის „შატო ზეგაანი“ ინიციატივით, კახეთში საერთაშორისო ველოშეჯიბრი იმართება. შეჯიბრში, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, სხვადასხვა ქვეყნიდან 150-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი იღებს მონაწილეობას.ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ველოშეჯიბრის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დაესწრნენ.

„შატო ზეგაანის“ ინიციატივით გამართული საერთაშორისო ველოშეჯიბრი მიზნად ისახავს საქართველოში ველოტურიზმის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას სპორტული აქტივობის გზით, რაც  ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. მსგავსი პრაქტიკა ფართოდ არის დანერგილი ევროპის წამყვან ღვინის რეგიონებში.

„ველოტურიზმი არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ადგილობრივი ტურიზმის  და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც ღვინის ტრადიციული მარნები მხარს უჭერენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ გზით ხდება, ერთი მხრივ, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განვითარება, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის წარმოჩენა”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ველოსიპედის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის სტენდები, მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ღვინის ჩამოსხმის პროცესში და გასცნობოდნენ რეგიონში ეკომეგობრული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.

ველოშეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება, სადაც სამი საუკეთესო  ველომრბოლელი გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები