თსუ-ში ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის საჯარო ლექცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ეწვია და  სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია „სულიერება თანამედროვე ეპოქაში“. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საჯარო ლექციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ვატოპედის მონასტრის დელეგაცია, აგრეთვე, ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები ესწრებოდნენ.

„ათონის მთა ქართველებისთვის განსაკუთრებულია. აღსანიშნავია ქართველების საოცარი ღვაწლი ივერონის მონასტერში. აქ ითარგმნებოდა წიგნები, ეს იყო საქართველოში მეცნიერების შემოტანის გზა. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დედაეკლესიის გაძლიერებისთვის,“- აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

რექტორმა არქიმანდრიტ ეფრემს ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად, რომელსაც უნივერსიტეტის სახელით დააბრძანებენ ვატოპედის მონასტერში. თსუ-ის რექტორმა არქიმანდრიტ ეფრემს ათონის მთის მონასტრებში არსებული ქართული საგანძურის – წიგნებისა და ხელნაწერების შესასწავლად ქართველი მეცნიერების მხარდაჭერა და თანადგომა სთხოვა.

„ვატოპედის მონასტერი კარიბჭეს და გულებს გაგიხსნით და მოგცემთ ქართველ მამათა მემკვიდრეობის მეცნიერულად შესწავლის შესაძლებლობას. რაც შეეხება ათონის მთის დანარჩენ მონასტრებს, ისინი ავტონომიურობით სარგებლობენ, თუმცა ყველაფერს ვიღონებთ თქვენს დასახმარებლად,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.

„ქრისტეს მცნებების დაცვას არ აქვს იურიდიული ხასიათი, მაგრამ რაც უფრო მეტად იცავს ადამიანი ქრისტეს მცნებებს, უფრო მეტი სიყვარული აქვს,“- ასე მიმართა არქიმანდრიტმა ეფრემმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

საჯარო ლექციის მსვლელობისას ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა განაცხადა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელ 10 სტუდენტს ერთი წლით სტიპენდიას დაუნიშნავს. ლექციის ბოლოს არქიმანდრიტმა კითხვებს უპასუხა.

ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის ვიზიტთან დაკავშირებით თსუ მუზეუმში გამოიფინა თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ძველნაბეჭდი საეკლესიო წიგნები (ვახტანგ მეექვსის, ერეკლე მეორისა და საჩხერის სტამბებში დაბეჭდილი). აგრეთვე, ათონის წმინდა მთის მონასტრების საქმიანობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები