პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე დაესწრნენ
პორტუგალიის ქალაქ მირა დე აირიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება მღვიმეების საერთაშორისო ასოციაციისა (ISCA) და ესპანეთის მღვიმეების ასოციაციის (ACTE) მიერ იყო ორგანიზებული.
“შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის და ეკოლოგიისა სექტორის წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან. გაიმართა პრეზენტაციები მიწისქვეშა ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ; მათ შორის ყურადღება დაეთმო საქართველოში მღვიმეების მართვის პრაქტიკის გაზიარებას. განხილული იყო საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მღვიმეები და ადგილზე გასცნობოდნენ მათი ტურისტული განვითარების მოდელებს,
აღსანიშნავია, რომ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მღვიმეების საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) წევრია 2009 წლიდან, რაც მათ მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ მღვიმეების საერთაშორისო ასოციაცია (ISCA) წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს მღვიმეების საერთაშორისო მართვის სტანდარტის დანერგვისა და განვითარების კუთხით.
საქართველოში მიწისქვეშა ბუნების ძეგლები დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა პრომეთეს მღვიმე და სათაფლია, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც უნიკალური ბუნების ძეგლებია,”- წერია ინფორმაციაში.