“კითხვები უკავშირდებოდა მის ბიზნეს საქმიანობას იმ პერიოდზე, როდესაც იგი კერძო სექტორში იყო და ასევე იმ პერიოდზე, როდესაც იგი იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს” – ღარიბაშვილის ადვოკატი
“კითხვები უკავშირდებოდა მის ბიზნეს საქმიანობას იმ პერიოდზე, როდესაც იგი კერძო სექტორში იყო და ასევე იმ პერიოდზე, როდესაც იგი იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს”, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, თანხის ოდენობაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.
„კითხვები უკავშირდებოდა მის ბიზნეს საქმიანობას იმ პერიოდზე, როდესაც იგი კერძო სექტორში იყო და ასევე იმ პერიოდზე, როდესაც იგი იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. ბატონმა ირაკლიმ გასცა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა. რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეაფასონ შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება თანხას და აღნიშნულ ეპიზოდს, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა ამ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოდენობას და სხვა დეტალებს, ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე განმარტებებს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.