შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის საელჩოს მიერ ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე: ამერიკული სტანდარტით, ცეცხლაძე და მისი თანააღმსრულებლები არიან შიდატერორისტები – ყველა, ვისაც მასთან აქვს სალონური მიმოწერა, ევროკავშირის საელჩოს ჩათვლით, ახალისებს და მისაღებად აქცევს ტერორიზმს
„ამერიკული სტანდარტით, ცეცხლაძე და მისი თანააღმსრულებლები არიან შიდატერორისტები და ყველა, ვისაც მასთან აქვს სალონური მიმოწერა, ევროკავშირის საელჩოს ჩათვლით, ახალისებს და მისაღებად აქცევს ტერორიზმს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩოს მიერ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა.
„თქვენ ნახეთ, რომ საქართველოში დეკემბერში დაატრიალეს უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ცეცხლაძის ჩათვლით, ერთი ერთში ასეთი სურათები იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში და ზუსტად ეს შეფასება არის შეერთებულ შტატებში, რომ ეს არის შიდატერორიზმი – როდესაც მანქანებს წვავ, როდესაც შენობების აღება გინდა, როდესაც ძალადობ, ეს არის შიდატერორიზმი.
ასე რომ, თუ ვინმეს სტანდარტები აინტერესებს, ზუსტად ამერიკული სტანდარტით, ცეცხლაძე და მისი თანააღმსრულებლები არიან შიდატერორისტები და ყველა, ვისაც მასთან აქვს სალონური მიმოწერა, ევროკავშირის საელჩოს ჩათვლით, ახალისებს და მისაღებად აქცევს ტერორიზმს, რაც მიუღებელია – როდესაც ევროკავშირის საელჩო ტერორისტთან არის სალონურ მიმოწერაში.
რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვისაუბრებთ. ევროკავშირს საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი ქმედება და გამოიხმონ უკან საკუთარი წერილი. სხვა შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს არის ტერორიზმის დაკნინება და ტერორისტთან სალონური მიმოწერის გამართვა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.