მოიპოვე საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი, მიიღე ახალი შესაძლებლობები და შექმენი წარმატებული კარიერა – საქპატენტი

საქპატენტის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 29 ნოემბრიდან ეტაპობრივად ჩატარდება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ეს არის შანსი, გახდეთ იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც ერთდროულად არის პერსპექტიული, პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტმა 2024 წელს მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძირეულად ახალ, თანამედროვე ინსტიტუტს, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებაზე, სანდოობაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა უფლებების უკეთ დაცვაზე.

“აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2024-2025 წლებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისის მისაღებად შემოსულია 11134 განაცხადი. ხშირ შემთხვევაში საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პატენტრწმუნებულები ან/და პირები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული კვალიფიკაცია ინტელექტუალური საკუთრების დარგში, თუმცა, ჯერ არ ფლობენ საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსს. აშკარაა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ბაზარზე.

პატენტრწმუნებული უშუალოდ მონაწილეობს ბიზნესისა და მეცნიერების თუ ხელოვნების სფეროში ძვირადღირებული არამატერიალური აქტივის – ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში. მასთან საქმიან ურთიერთობებს ამყარებენ რეგიონული და მსოფლიო მასშტაბის წარმატებული კომპანიები, რაც განსაკუთრებულად ზრდის მის პროფესიულ ავტორიტეტს.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამუშაო გამოცდილების დადასტურება. სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება ნებისმიერი სპეციალობით. საერთო სპეციალიზაციის გამოცდისთვის კი საჭიროა კანდიდატი ფლობდეს, მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხს საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მათემატიკისა და სტატისტიკის ან/და ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებით.

გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით.

პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 2 ეტაპად:

I ეტაპი – ტესტირება: 2025 წლის 29 ნოემბერი;

II ეტაპი – წერითი გამოცდა: 2025 წლის 13 დეკემბერი.

დეტალურ ინფორმაციას სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისა და სავალდებულო მოთხოვნების შესახებ გაეცანით საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/681/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAYnJpZBExM2JnQ1J1RUQ5YXJyMnFGZQEeeaUu8MVwhjOWD9t1myTRWAJODRnLwKun0Udpe5qEqfk_sWJfzIlZiIysPiA_aem_cEHlTGJn7YZknCkrQncWCw“, აცხადებენ საქპატენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები