გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
რუსთავის ცენტრალურ პარკში დაირგო ორმოცდაათ ერთეულზე მეტი ელდარის ფიჭვის და ვერხვის ნერგები. ხის დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა.
სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი თემატიკის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, თემატურ თამაშებში, სადაც ბუნებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„ხის დარგვის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია როგორც გარემოს გაუმჯობესების, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეკოპასუხისმგებლობის განვითარებას, ბუნების მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას, რაც, საბოლოოდ, გარემოზე პასუხისმგებელი ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა დევდარიანმა.
მისივე თქმით, ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოსახლეობა, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, უფრო აქტიურად ჩართოს გარემოზე ზრუნვის პროცესში.