ირმა ინაშვილი კოლეგებს სატელევიზიო ტოქშოუების ფორმატის შეცვლისკენ მოუწოდებს
„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციის საშუალებით კოლეგა ჟურნალისტებს და ტელეპროდიუსერებს მიმართა. ინაშვილმა ტელევიზიების მოქმედი ტოქშოუების ფორმატი გააკრიტიკა და კოლეგებს სხვა ფორმატის მოფიქრება შესთავაზა.
ინაშვილმა 21 ოქტომბერს „რუსთავი 2“- ზე გასული გიორგი გაბუნიას ტოქშოუ გაიხსენა და აღნიშნა რომ მიუღებელია მას და „ზონდერ ონიანს“ სატელევიზიო ფორმატის წყალობით ერთად უხდებოდეთ ეთერში ყოფნა.
„ მე და ზონდერებს ერთ ფორმატში გვიწევს დისკუსია. არ შეიძლება ზონდერი და ადამიანი, რომელიც 10 წლის მანძილზე რეჟიმს ებრძოდა, ერთ ფორმატში საუბროდნენ დემოკრატიაზე. ამიტომ მე მინდა მედისაშუალებებსაც მივმართო – იქნებ ვიფიქროთ ფორმატის შეცვლაზე. ყველა ტელევიზიის საპროდიუსერო ჯგუფებს მივმართავ. ერთ სივრცეში ჩვენი და მათი ერთად ჯდომა დაუშვებელია. მედიას შეუძლია მოამზადოს პროვოკაციული გადაცემაც და კონსტრუქციულიც. ეს არის დამოკიდებული პროდიუსერზე, რომელიც ამ გადაცემას ამზადებს. პროვოკაციაა, როდესაც მე და ონიანს ერთად გვიწევს დისკუსია ადამიანის უფლებებზე, ჩვენ ერთად ეთერში არ უნდა ვისხდეთ. მე ამას აღარ დავუშვებ. ეს იყო ჩემი ზონდერთან ერთად ეთერში ყოფნა პირველად და უკანასკნელად“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის განცხადებით, არსებობს ჟურნალისტური ხერხები და ტექნოლოგიები, რომ ტელევიზიებმა წარმოაჩინონ ორივეს პოზიცია და აერიდონ პროვოკაციას.
„ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ერთად ვიფიქროთ სატელევიზიო გადაცემების ფორმატის შეცვლაზე. როგორც სტუმარმა და რესპონდენტმა მე დავინახე, რომ შიგნიდან ეს ფორმატი მისაღები არ არის არც ჩვენთვის და არც ჩვენი საზოგადოებისთვის“,- დასძინა ინაშვილმა.