აფთიაქებში და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სამართალდარღვევები გამოვლინდა
11 ფარმაცევტულ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მაჭარაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაჭარაშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს 11 ფარმაცევტულ დაწესებულებაში, მათ შორის სამ აფთიაქში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალოს საშუალებების გაცემისა და აღრიცხვის წესების დარღვევა და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა #3 რეცეპტის გარეშე გაცემა გამოვლინდა, 7 დაწესებულებაში, მხოლოდ მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, ხოლო 1 დაწესებულებაში სამკურნალოს საშუალებების შენახვის პირობების დარღვევა.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ დაწესებულებებში მუშაობის დასრულებისთანავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგება, რომლებიც განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნება. „სამართალდარღვევების რაოდენობის გამოვლენა კონტროლის ღონისძიებების ზრდით აიხსნება. აღნიშნული 11 დაწესებულება სააგენტოს თანამშრომლების მიერ შეირჩა, რადგან არსებობდა ეჭვი უკანონო მიმოქცევის. მათ შორის, ე.წ. ქსელური აფთიაქები არ არიან“, – განმარტა მაჭარაშვილმა.