თამარ ჩიბურდანიძე საშუალო განათლების 11 წლიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით: რატომ უნდა იხადოს სახელმწიფომ იმაში თანხა, რაც არაეფექტური და არა ხარჯთეფექტურია?

„როდესაც გვედავებიან 11 წლიანი სწავლებაზე გადასვლას, ამას წინ უძღოდა უამრავი კვლევა საქართველოში და აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 37 000 აბიტურიენტიდან ძალიან მცირე ნაწილი გადის უცხოეთში სასწავლებლად,” – ამის შესახებ განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას „ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, როცა შეაფასა საშუალო განათლების 12 -დან 11 წლიან სისტემაზე გადასვლის ინიციატივა.

თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ინიციატივას წინ უძღოდა კვლევა, რამაც აჩვენა, რომ ათასობით აბიტურიენტიდან, მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ. მისი თქმით, მთელი წლის (მეთორმეტე კლასი) დაფინანსება ბიუჯეტს კოლოსალური თანხები უჯდება.

„როდესაც გვედავებიან 11 წლიანი სწავლებაზე გადასვლას, ამას წინ უძღოდა უამრავი კვლევა საქართველოში. სანამ ეს საკითხი გაჟღერდებოდა, ბუნებრივია, ჩატარდა ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ იმ დაახლოებით 37 000 აბიტურიენტიდან ძალიან მცირე გადის უცხოეთში სასწავლებლად. თუმცა, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, იმ ძალიან მცირე ნაწილის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იფიქროს იმაზე, რომ ვთქვათ 40 000-დან თუ 1000 ან 2000 მოსწავლე გადის საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, სახელმწიფო 38 000 მოსწავლეზე ტყუილად იხდის ბიუჯეტიდან ფულს. მთელი მე-12 კლასი, ერთი წელი კოლოსალური თანხები ჯდება და რატომ უნდა იხადოს სახელმწიფომ იმაში თანხა, რაც არაეფექტური და არა ხარჯთეფექტურია? მაგრამ, ვისაც სურს სწავლის უცხოეთში გაგრძელება, ამ საკითხზე მუშაობა ექსპერტებთან გრძელდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის უცხოეთში გაგრძელება უნდა წავიდეს იქ, ისწავლოს მე-12 წელი და შემდეგ ჩააბაროს,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ექსპერტმა უმაღლესი განათლების 3+1 მოდელზე გადასვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე გადასვლა საჭიროა შრომის ბაზრის კადრებით დროულად მომარაგების მიზნით.

„მეორე პრობლემა, რაზედაც გვედავებიან, ეს არის 3+1 მოდელზე გადასვლა. მიზანი ამის არის ის, რომ შრომის ბაზარს დროულად მივაწოდოთ კადრები. შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტი გამოიწვია დემოგრაფიულმა პრობლემამ, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაშია. ეს არის ერის დაბერების დინამიკა, ანუ ძალიან სწრაფად ბერდება ევროპის მოსახლეობა და მათ შორის ჩვენიც – ხანდაზმულთა რაოდენობა დიდია. სულ რამდენიმე დღის წინ გერმანიამ გამოსცა მთავრობის ბრძანება, რომ თუ ხანდაზმულები იმუშავებენ, მათი ხელფასი არ დაიბეგრება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჭირს ადამიანური კაპიტალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ შრომის ბაზარზე ადრიანად უნდა შევუშვათ ადამიანურ კაპიტალი და გონებრივი რესურსი, მაგრამ არა ნაკლებად პროფესიონალები, არამედ მაღალი ხარისხს სპეციალისტები, რაც შეეფერება ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოს,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები