“დამნაშავე ელემენტები პოლიტიკიდან უნდა გაქრნენ და ჩვენ ამას არც ვმალავთ” – შარმანაშვილი
“დამნაშავე ელემენტები პოლიტიკიდან უნდა გაქრნენ და ჩვენ ამას არც ვმალავთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, კონსტიტუციური განაწესია, რომ არაკონსტიტუციური პარტიები უნდა აიკრძალოს.
“ასეთი სახის დამნაშავე ორგანიზაციები და პარტიები პოლიტიკას უნდა განერიდონ. ოპონენტები კი არ გაქრებიან, დამნაშავე ელემენტები უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან. ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს დანაშაულებრივი რეჟიმები, მუდმივად არღვევდნენ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს მუდმივად ლახავდნენ და ამას ჩვენ კი არა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ამტკიცებს. ამ წმენდის ჩატარება პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორება კი არ არის, დამნაშავეთა ჩამოშორებაა. საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. უნდა იყოს დასაბუთება, რომ კონკრეტული გვარი, რომელიც სიაში ჩაიწერება, ამ ყველაფრის შემოქმედი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ამას არ დააკმაყოფილებს. მათი ქმედება სათითაოდ უნდა დავასაბუთოთ“, – ამბობს შარმანაშვილი.