ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, ვარშავაში მიმდინარე ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა ელენე ბობოხიძემ ვარშავაში მიმდინარე ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება ეუთოს ორგანიზებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერითა და ფინეთის თავმჯდომარეობით იმართება.
“ელენე ბობოხიძე სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებსა და გამჭვირვალობას ეხებოდა. მოხსენებაში მან 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით.
წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ჰელსინკის საბოლოო აქტის მიღების 50-ე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის მდგომარეობის საკითხებს, მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე ჰელსინკის აქტის პრინციპების მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.
კონფერენცია ვარშავაში 6-17 ოქტომბერს იმართება და წარმოადგენს პლატფორმას 57 მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის,”- წერია ინფორმაციაში.