გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ქსნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტრო იარაღის გამოყენებით ახდენდა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტრო იარაღი მავნე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ თევზზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე წყლის ეკოსისტემაში. გარდა ამისა, ის საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც. სწორედ ამიტომ, გასული წლიდან, ელექტრო იარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დასჯადია ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაც.
უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.