ჯიღაურას ბაზაზე ევროპელი და ქართველი სტუდენტები იმყოფებოდნენ
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სამეცნიერო ბაზას აგრონომიის, მევენახეობის, ენოლოგიისა და აგროსასურსათო მეცნიერებების მიმართულების პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები — „Vinifera/NewClim“ შემოდგომის სკოლის მონაწილეები ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანს ქართული მევენახეობის მდგრადი პრაქტიკის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სტრატეგიებისა და ინოვაციური კვლევების გაცნობა წარმოადგენდა.
სტუმრებს ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მათ შორის მევენახეობასა და მეღვინეობაში განხორციელებული კვლევები გააცნო.
„ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპეციალისტების განათლების ხელშეწყობა და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. ბაზაზე სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, უნიკალური ამპელოგრაფიული კოლექცია, სადაც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე ინტროდუცირებული ვაზის ჯიშები; გაეცნენ ვაზის სელექციისა და კონსერვაციის თანამედროვე მიდგომებს და იმ კვლევით მიმართულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჯიშთა მდგრადობისა და ადაპტაციის შესწავლას კლიმატის ცვლილების პირობებში“, – განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
„Vinifera/NewClim“ შემოდგომის სკოლის მონაწილეებისთვის გაიმართა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც მონაწილეები ჯიშური მრავალფეროვნების თავისებურებებსა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას გაეცნენ. დეგუსტაციას მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნიკოლოზ კირვალიძე ხელმძღვანელობდა.
Vinifera/NewClim“ შემოდგომის სკოლა წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ევროპელ და ქართველ ახალგაზრდა მკვლევრებს მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში. პროგრამის მიზანია კლიმატის ცვლილების გავლენის შესწავლა და მდგრადი მევენახეობის განვითარება, ტრადიციული გამოცდილებისა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების შერწყმით.