საქპატენტის რთველში ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვების მონაწილეობა ტრადიციად ჩამოყალიბდა
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა, სადაც საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ თანამშრომლებთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
საქპატენტის ინფორმაციით, რთველში აქტიურად ჩაერთნენ, ასევე, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები, მათი მშობლები და ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გოგოჭური.
“რთველში, ასევე, მონაწილეობდა ფილადელფიის წმინდა ფილიპეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მღვდელი მამა ჯეიმსი, რომელიც მეგობრული მისიით ყოველ წელს სტუმრობს ძეგვის თავშესაფარს. ცენრტის ბენეფიციარებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა საქპატენტში გამართულ ვაზის ზეიმში, დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე და საკუთარი ხელით დაამზადეს ჩურჩხელები.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. საქპატენტში სტუმრობა ცენტრის აღსაზრდელებს დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, გაიღრმაონ ცოდნა ამ მიმართულებით, რათა მომავალში ეზიარონ ამ დარგის საფუძვლებსა და, სურვილისამებრ, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
საქპატენტში ვენახის მოვლა – დამუშავება და ყურძნის მოსავლის მოყვანა უკვე ტრადიციად იქცა. რთველი მევენახისთვის შრომითი საქმიანობის ბოლო ეტაპია და საქპატენტის თანამშრომლებმა ყურძნის მოსავალიც მოიწიეს და სტუმრებთან ერთად რთველის ღონისძიებაც ნაყოფიერად ჩაატარეს. ყურძნის მტევნებით ხელდამშვენებულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა ხვავი და ბარაქა უსურვეს ერთმანეთს და მწიფე, ტკბილი ნაყოფიც დააგემოვნეს.
საქპატენტის ვენახში ხარობს რქაწითელი, ხიხვი, ქისი, შავკაპიტო და სხვა 29 ჯიშის ყურძენი”, – აღნიშნულია საქპატენტის ინფორმაციაში.