აჭარის რეგიონის დაცულ ტერიტორიებზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 29 094 ჰექტარზე მიმდინარეობს

ინვენტარიზაციის შედეგად, მომზადდება მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის 10-წლიანი გეგმები, სადაც წარმოდგენილი იქნება ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები ძირითადი მერქნული სახეობების მიხედვით.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტში ასახული იქნება ინფორმაცია ტყის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ, ასევე იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ტყეში ადამიანის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება ბუნებათსარგებლობის რეჟიმი და დაიგეგმება ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენითი სამუშაოები, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები და სხვა აქტივობები, რომლებიც 10-წლიანი გეგმით იქნება გათვალისწინებული.

ტყის ინვენტარიზაციას ახორციელებენ სპეციალურად მოწვეული მეტყევე სპეციალისტები-ტაქსატორები. მტირალას ეროვნული პარკი და კინტრიშის დაცული ტერიტორიები იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად, კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსით. აღნიშნული ტერიტორიების განსაკუთრებული დაცვა და მათზე სრული, თანამედროვე ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია როგორც ტყითსარგებლობისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ისე მომავალი ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით.

დღეის მდგომარეობით, ტყის ინვენტარიზაცია ჩატარებულია 16 დაცულ ტერიტორიაზე, ჯამში 214 790 ჰექტარზე, რაც დაცული ტერიტორიების ტყის საერთო ფართობის (444 463 ჰა) 48%-ს შეადგენს, მათგან 320 043 ჰექტარი სააგენტოს მართვის ქვეშაა, რაც მთლიან ტყის ფართობის 67%-ს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები