გენადი არველაძემ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით ყურის თანამშრომლობის საბჭოში შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც საუდის არაბეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელს, რაჯა ალ-მარზუკის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და GCC – ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან სავაჭრო კავშირების გაღრმავება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.
„GCC – ის წევრი ქვეყნები ქართული ექსპორტისთვის სტრატეგიული ბაზარია. აქ კარგად იცნობენ საქართველოს, მის ეკონომიკური პოტენციალს. გარდა ამისა, საბჭოს ქვეყნების უმრავლესობასთან ჩვენს ქვეყანას აქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ზრდადი ტურისტული ნაკადების დინამიკა. არაბთა გაერთიანებული საამიროების მაგალითი, ვისთანაც ჩვენ უკვე გვაქვს გაფორმებული ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს თანამშრომლობა საბჭოს სხვა ქვეყნებთანაც მოიტანს პოზიტიურ შედეგებს და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა საბჭოს მისიის ვიზიტი საქართველოში – მიმდინარე წლის 2 დეკემბერს მხარეებს შორის შეხვედრა ექსპერტულ დონეზე გაიმართება. აღინიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის წინასწარი კონსულტაციები კარგი საფუძველი იქნება. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა 2026 წლის იანვარში კონსულტაციების დასრულების შესახებ. უშუალოდ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება მომავალი წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი კონსულტაციების წარმატებით დასრულების და საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ნიკოლოზ რევაზიშვილი.