მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შსს-ს განმარტებით, მოხეში ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა, პოლიცია კი ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდა. მათივე განცხადებით, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს.
„ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ადგილზე შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ სამუშაოებს აპროტესტებდა და კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდნენ.
სამართალდამცველები შენობის პერიმეტრს შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იცავდნენ. პოლიციელებმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს, ხოლო 3 პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად)“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები