სპეცტექნიკის მძღოლი ვნუკოვოში ინსტრუქციას ასრულებდა

ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავს დაჯახებული თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დისპეტჩერის ინსტრუქციებს ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე პირველი ეჭვმიტანილი მძღოლი ვლადიმერ მარტინენკო გახდა, რომელიც, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ალკოჰოლის ქვეშ იმყოფებოდა. ცნობილია, რომ თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლს ბრალს ხვალ, 23 ოქტომბერს, წაუყენებენ. დღეს კი რუსეთის პირველმა არხმა ეჭვმიტანილის დაკითხვის კადრები გაავრცელა.
„როდესაც ორიენტირი დავკარგე, ვერც შევამჩნიე, როგორ გავედი ასაფრენ ბილიკზე, უფრო სწორად, ჩავთვალოთ, რომ გავედი… თვითმფრინავი აფრენას აპირებდა, მე მას პრაქტიკულად ვერ ვხედავდი და მისი ხმა არ მესმოდა, რადგან ტექნიკა მუშაობდა, არც განათება იყო, არაფერი… განხორციელდა დარტყმა“, – მოყვა მძღოლმა ვლადიმერ მარტინენკომ.
მისი ადვოკატის განცხადებით კი, მარტინენკო მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელია.
„მარტინენკო მარტო არ გამოსულა. იქ 5-6 მანქანა იყო. მაგრამ ერთ მომენტში ვლადიმირმა დაამუხრუჭა და დაახლოებით 40 წამით შეფერხდა. ნებისმიერ შემთხვევაში ის უფროსი დისპეტჩერის მკვეთრ ინსტრუქციებს იღებდა. ჩემი ვარაუდით, დისპეტჩერმა არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ვლადიმირის მანქანა მხოლოდ კოლონას ეწევა და გადაწყვიტა, რომ ასაფრენი ზოლი თავისუფალია“, – განაცხადა ადვოკატმა. ამასთან, „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, თავად მძღოლმა აღიარა, რომ საჭესთან დაჯდომის წინ მან ყავა ლიქიორით დალია – ექსპერტიზამ მის ორგანიზმში ალკოჰოლის მცირე დოზით კონცენტრაცია დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები