ისნის რაიონში N26 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო
თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ავარიული შენობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში N26 საბავშვო ბაღის პროექტსა და სამშენებლო სამუშაოებს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ისნის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა დღეს საფუძველი. ეს არის N26 საბავშვო ბაგა-ბაღი, რომლის დემონტაჟი განხორციელდა, რადგან ავარიულ მდგომარეობაში იყო. ბავშვები დროებით გადაყვანილები არიან სხვა სივრცეში, სადაც გრძელდება სააღმზრდელო პროცესი. რაც შეეხება სამუშაოებს, ახალი საბავშვო ბაღი გათვლილი იქნება, დაახლოებით, 180 ბავშვზე. პროექტი 2026 წლისთვის დასრულდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ასევე გარე სივრცე, მოწესრიგდება და განახლდება ეზო. ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა იქნება, რომელიც აღნიშნულ სექტორს შეემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბეღლეთის ქუჩა N10-ში მდებარე N26 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი 2020 წელს განხორციელდა, რის შემდეგაც ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში გააგრძელა. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დღეს დაიწყო და მისი დასრულება მომავალი წლის ბოლოს იგეგმება.
ახალი ბაღი 6-ჯგუფიანი იქნება. შენობა აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება 2 941 000 ლარია.
სამშენებლო მოედნის მოსამზადებელ სამუშაოებსა და პროექტის დეტალებს თბილისის მერთან ერთად ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მაჟორიტარი დეპუტატები და საბავშვო ბაღის თანამშრომლები გაეცნენ.