თინათინ რუხაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მისი სრული რეაბილიტაცია. ერთი მხრივ, შენობა, რომელიც 1838 წელს არის აგებული და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის l კატეგორიის ძეგლია, უნდა იქნას აღდგენილი ყველა სტანდარტის გათვალისწინებით, მეორე მხრივ კი, მუზეუმში დაცული უმნიშვნელოვანესი საგანძურისთვის უნდა შეიქმნას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობები.
კულტურის მინისტრმა ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად სრული მზადყოფნა გამოხატა.
მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
„ეროვნული მუზეუმის დირექციასთან და ადმინისტრაციასთან ერთად მოვილაპარაკეთ და ტექნიკური დავალება უახლოეს პერიოდში მომზადდება. როგორც მოგეხსენებათ, არსებული საშიშროების გათვალისწინებით, საგანძური შენობიდან, პრაქტიკულად, გატანილია; დარჩენილ მცირედ ნაწილსაც საიმედოდ დავაბინავებთ. ჩათვალეთ, რომ დღეს ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია იწყება. ძალიან მალე შემოგვიერთდება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს ერთობლივი ძალებით, ეროვნული მუზეუმისა და სპეციალისტების ჩართულობით განვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში გვექნება შედეგი, რომლითაც ვიამაყებთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მუზეუმის კოლექციები, მათი დაცულობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, ამჟამად გამოფენილია 1980-იან წლებში აშენებულ – მუზეუმის II კორპუსში. ფონდსაცავი, სამუშაო ოთახები და სარესტავრაციო სახელოსნოები განლაგებულია მუზეუმის III კორპუსში.
ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება მისი უმთავრესი დანიშნულების შესრულება – კოლექციების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცვა, აღრიცხვა, კვლევა და წარმოჩენა; სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა და, რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული საგანძურის შენარჩუნება.
შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე ესწრებოდა.