დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა
დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ბარიტონი ვანო გალუაშვილი ავრცელებს.
„საშინელებაა, კატასტროფა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, წარმოუდგენელი ამბავი. ჩვენი პაპუნა, ოხ მაესტრო რააა“, – წერს გალუაშვილი Facebook-ზე.
პაპუნა ღვაბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი გივი ბოლაშვილის ხელმძღვანელობით და ასპირანტურა საოპერო და სიმფონიურ დირიჟორობაში – გივი და ზაზა აზმაიფარაშვილების ხელმძღვანელობით. ამჟამად, ამავე მიმართულების ასოცირებული პროფესორია.
შემოქმედებითი კარიერა, როგორც საგუნდო დირიჟორმა, 2000 წელს, ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ საგუნდო კაპელაში დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2005-2007 წლებში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ხოლო 2011 წლიდან – ამავე თეატრის მოწვეული დირიჟორი იყო. ქუთაისში, 2005-2006 წლებში, მან ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“, 2011 წელს კი ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიას“ დადგმებს უხელმძღვანელა.
2013 წლიდან პაპუნა ღვაბერიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის დირიჟორია. 2014 წელს, აქ მან განახორციელა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ და ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“, 2019 წელს დოლიძის“ ქეთო და კოტე“, 2022 წელს პუჩინის „ჯანი სკიკი“. თბილისის საოპერო თეატრში დამდგმელი დირიჟორია სპექტაკლებისა: ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“, რაველის „მედეა“, მინკუსის „ბაიადერა“. 2019 წელს რიგაში იდირიჟორა მინკუსის „დონ კიხოტი“,2022 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლების ფარგლებში ტურინის საოპერო თეატრში იდირიჟორა „მაკნატუნას“ ათი, ბოლონიის თეატრში კი „დონ კიხოტის“ ხუთი სპექტაკლი. 2024 წლის იანვარში, სიცილიაზე, კატანიის მასიმო ბელინის თეატრში იდირიჟორა „გედების ტბის“ შვიდი სპექტაკლი. ამავე წელს, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლების ფარგლებში, ინგლისის ნაციონალურ ორკესტრთან ერთად თანხლება გაუწია ამავე სპექტაკლის თხუთმეტ წარმოდგენას ლონდონის კოლიზეუმში და „მაკნატუნას“ ტოკიოს ბუნკა კაიკანის თეატრში
მრავალ საოპერო სპექტაკლში პაპუნა ღვაბერიძე მეორე დირიჟორი და დირიჟორის ასისტენტია. როგორც ასისტენტს უმუშავია „აიდასა“ (2017) და „ოტელოზე“(2024); დირიჟორობდა ოპერებს: „სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „აბესალომ და ეთერი“, მუშაობდა ოპერებზე „ტურანდოტი“, „სიმონ ბოკანეგრა“, „დონ კარლოსი“.