ლაშა ნაცვლიშვილი: ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა, ამას იოლად აგიხსნით იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
“4 ოქტომბერს რაც შეეხება: “მშვიდობიანი დამხობა” რომ სამართლებრივი ოქსიმორონია, ამას დიდი იურისტობა არ სჭირდება – ნებისმიერი ლინგვისტიც იმავეს გეტყვით”,- ამის შესახებ სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, უტვინო და უპრინციპო ოპოზიციური ელიტის დამოკიდებულება 4 ოქტომბრისადმი რომ მათი ზნედაცემულობის გვირგვინია, ამასაც უჩემოდ ხვდებით.
“ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა, ამასაც იოლად აგიხსნით იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი;
“ნაციონალური მოძრაობის” და მისი ნამდვილი თუ ფასადური ლიდერების მხრიდან 4 ოქტომბრის ეფემერულ რევოლუციაზე ფსონის დადება რომ პერმანენტული წარუმატებლობების ფონზე მათი უკიდურესი სასოწარკვეთის უტყუარი ნიშანია, არც ამ დასკვნის გამოტანას სჭირდება ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ხარისხი;
უტვინო და უპრინციპო ოპოზიციური ელიტის დამოკიდებულება 4 ოქტომბრისადმი რომ მათი ზნედაცემულობის გვირგვინია, ამასაც უჩემოდ ხვდებით – მხოლოდ “მოგების წილში” მიჰყვებიან ნაცებს – ორგანიზატორები არ ვართ, პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, მაგრამ იქ ვიქნებითო – გაიგდეს წინ გონებრივი უმანკოებით გამორჩეული და ასაკში მარაზმშეპარული ყოფილი მსოფლიო ბანი, ეგ არის ორგანიზატორიო და იმედოვნებენ, რომ წყლიდან მშრალები ამოვლენ;
ეს ყველაფერი იმდენად ცხადია, არგუმენტების მოყვანაც კი აუდიტორიის შეურაცხყოფა მგონია – აქსიომურად ცხადი ჭეშმარიტება დამატებით მტკიცებულებებს რომ არ საჭიროებს, ჯერ კიდევ ოკამმა აგვიხსნა რვაასიოდე წლის წინ თავისი “სამართებლით”.
ამიტომაც, პოლიტიკოსებს არ ეხება ეს პოსტი.
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს მინდა მივმართო, ვინც კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებიდან გასვლას, ძალადობას და ქაოსს მხარს არ უჭერენ, მაგრამ მაინც აპირებენ 4 ოქტომბრის აქციაზე გამოცხადებას:
თავი არ გამოაყენებინოთ სასოწარკვეთილ ავანტიურისტებს და კრიმინალებს. იცოდეთ, მხოლოდ თქვენი სიმრავლე უბიძგებს მათ უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედებებისკენ, რაც გარდაუვალად გადაიზრდება ძალადობაში, რასაც ასევე გარდაუვალად მოჰყვება ხისტი სამართლებრივი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან;
არავინ მოგატყუოთ, რომ ხელისუფლება სუსტია და, მითუმეტეს, ჩამოშლის პირასაა.
“ოცნების” ხელისუფლება ძლიერების პიკზეა და სწორედ ეს ძლიერება უქმნის მას როგორც საკადრო როტაციის კომფორტს ძალაუფლების განხორციელების ყველაზე მგრძნობიარე (ძალოვან) ბლოკში, აგრეთვე იმ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის წარმოებისთვის, რასაც ყველანი ერთად ვაკვირდებით.
გაფრთხილებთ, ნებისმიერ უკანონობაზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ცალსახად მკაცრი და ხისტი, მაგრამ იქნება სრულიად ლეგიტიმური, რადგან ხელისუფლების წინასწარ დაანონსებული დამხობის აღკვეთა არათუ მისი უფლება, ვალდებულებაა და სახელმწიფოს ამის რესურსი თავზესაყრელი აქვს.
ენდეთ ჩემს 25-წლიან პოლიტიკურ გამოცდილებას, მერე რომ კრუსუნი არ იყოს და ერთი ოდესური ანეკდოტის პერსონაჟებს არ დაემსგავსოთ – ნეტავ, ამბის მოხდენამდე, ანუ წინასწარ ვიყო ხოლმე ისეთი ჭკვიანი, როგორ ჩემი ცოლია ხოლმე ამბის მოხდენის მერეო (“Чтобы я был такой умный, как моя жена потом!”),”- წერს ნაცვლიშვილი.