„ერთის მხრივ, გვაქვს საუკეთესო მაჩვენებლები და მეორეს მხრივ – უტიფარი, ორმაგი სტანდარტი,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
„ორმაგი სტანდარტის ისეთი მაგალითია, რომელიც ალბათ სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს. ევროპის საბჭოს უმაღლესი ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ყველა კვლევითი ორგანიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო მოწინავე რიგებშია. მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე ჯგუფი, რომელსაც უნდა, რომ საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ თავი გაწიროს გარკვეული დიდი იდეისათვის, რასაც ჰქვია ომის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ამას არც მალავენ. ერთის მხრივ, გვაქვს საუკეთესო მაჩვენებლები და მეორეს მხრივ – უტიფარი, ორმაგი სტანდარტი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროკომისია თანმიმდევრული განვითარების ანგარიშის ფარგლებში დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსს აქვეყნებს. საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს.