კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით: ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არავინ, არცერთმა ახალგაზრდამ არ გამოაყენებინოს თავი სხვებს ბინძური ზრახვებისთვის

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის ნაწილის მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას შეუძლია კანონის ფარგლებში აქცია გამართოს.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ აქცია უნდა წარიმართოს ცივილიზებული ფორმით და თუ ადგილი ექნება ძალადობასა და კანონის დარღვევას, ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

„შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ნებისმიერ ადამიანს თუ ჯგუფს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის შეკრებით, მიტინგის ჩატარებით. როგორც კი ადგილი ექნება ძალადობას, კანონის დარღვევას, ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყების მხრიდან მოჰყვება რეაგირება.

ძალიან მარტივია – ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ თავისუფალ ქვეყანაში ყველა ადამიანს, თუ დასჭირდება, შეუძლია გამოხატოს მისი დამოკიდებულება, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. კანონის დარღვევას, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით და როგორ იქნება, მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

აქციის ორგანიზატორების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პროვოკაციებს და არეულობას.

მანვე მოუწოდა ახალგაზრდებს, არავის გამოაყენებინონ თავი საკუთარი ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად.

„ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არავინ, არცერთმა ახალგაზრდამ არ გამოაყენებინოს თავი სხვებს ბინძური ზრახვებისთვის. როგორც წინა შემთხვევებში იყო, ახალგაზრდა ბიჭებს მოუწიათ ციხეში წასვლა იმ დანაშაულებისთვის, რაზეც აქეზებდნენ პოლიტიკოსები, თვითონ კი იმალებოდნენ, ზოგი კაფეში იჯდა და ზოგიც ბარში ყავას და ცხელ ჩაის მიირთმევდა. ახალგაზრდები კი, რომლებიც შეატოვეს პირისპირ პოლიციას, ძალადობდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა და ოპოზიციას მოუწევს ამასთან შეგუება.

„დღევანდელ მოცემულობაში „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა და მოგიწევთ ამას შეეგუოთ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი გამოვა ხვალ აქციაზე, ამის თვლას არ დავიწყებთ. საპარლამენტო არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა უთხრა არა აგენტურას, უსამშობლო ადამიანებს, მოძალადე და გარედან მართულ დაჯგუფებებს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი, რიგითი მოქალაქეები და ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში, ეს არის დემოკრატია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები