ნინო წილოსანი: 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე
,,4 ოქტომბრის გეგმას ისინი უწოდებენ მშვიდობიან რევოლუციას. ასე ვარდების რევოლუციას უწოდებდნენ, რის შემდეგაც გვქონდა სისხლიანი 9 წელი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე იქნება.
„სწორედ ასეთი ლამაზი ეპითეტებით ამკობენ იმ ძალადობასა და მავნებლობას, რომელსაც თავადვე არ უარყოფენ. აპირებენ ყოფილი ძალოვნების თუ სხვადასხვა პირის ფიზიკური ძალის გამოყენებით ძალადობას, სახელმწიფოს ანტიკონსტიტუციური მეთოდებით დამხობას. ამ პირობებში, როდესაც ემუქრებიან ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს, დარწმუნებული ვართ და უკვე ვხედავთ, რომ თითოეული მათგანი საკადრის პასუხს მიიღებს. ყოველ შემთხვევაში 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე. ყველა სხვა დანარჩენი კი დამარცხდება ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლაში“, – განაცხადა წილოსანმა.