“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტი სავსეა ტყუილებით. რამე თუ აქვთ სალაპარაკო, რეზოლუციებით და განცხადებით ლაპარაკის ნაცვლად, ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ევროსაბჭო კი არ არის შეშფოთებული, შეშფოთებულია ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრი, პოლიტიკოსი, რომელიც ამჯერად ევროსაბჭოს ინსტიტუტებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, საუბარი გვაქვს ისევ იმ პირებზე, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ჩართული იყვნენ იმ სპეცოპერაციაში, რაც ქართულ სახელმწიფოს მოუწყვეს არჩევნებთან და არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს პირები – ზინგერისები, ბულაები და ასე შემდეგ, არიან დაინტერესებული, არ მოხდეს ის პროცესები, რაც დღეს სახელმწიფოში მიმდინარეობს – გარდაქმნა, გაჯანსაღება და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, მისი წარმომადგენლების პოლიტიკური სივრციდან გარიყვა კონსტიტუციური პროცესის გზით. აქ სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცესია. საკუთარ ქვეყანაში რა პროცესებიც შეიძლებოდა, ყოფილიყო, იმაზე მაღალი სტანდარტით იქნება საკონსტიტუციო პროცესი და ამ გზით მოხდება მათი პოლიტიკური სივრციდან გაწევა. წავიკითხე რეზოლუციის პროექტი, რომელიც სავსეა ტყუილებით. მათი ქცევა გაფუჭებული ტელეფონით თამაშს ჰგავს. ერთი რომ მეორეს ეტყვის, მეორე – მესამეს, მესამე მეოთხეს და ერთმანეთისგან სრულიად სხვა რეალობამდე მივდივართ. რამე თუ აქვთ სალაპარაკო, რეზოლუციებით და განცხადებით ლაპარაკის ნაცვლად, ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. რაიმე არგუმენტი თუ აქვთ, წარმოადგინონ. რაიმე სათქმელი თუ აქვთ – თქვან, იმის იქით ყველაფერი ჭორაობაა. სამწუხაროდ, მათ დღეს აქვთ ეს საპარლამენტო ბერკეტები, რომლებსაც იყენებენ, ეფარებიან ამ ბერკეტებს. ვინაიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით გესაუბრებიან, ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ეს სინამდვილეა. სინამდვილეში, ერთმა მილიონმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც რომ თქვას, მიკროფონი არის მანქანა, მიკროფონი მანქანა ვერ გახდება. ამიტომ, ამაზე საუბარს სჯობს, ჩამოვიდნენ და მოსახლეობას, ხელისუფლებას ესაუბრონ, პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს, რომელიც გვაქვს. მზად ვართ, მათ ლეგიტიმურ კითხვებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.