იმერეთის სამ ქალაქში წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ვანში, ქ. ბაღდათსა და ქ. სამტრედიაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია და კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.
ქ. ვანში იგეგმება 42 კმ-იანი წყალმომარაგების და 47 კმ-იანი წყალარინების ქსელების მშენებლობა, ასევე მოეწყობა 5 კმ სანიაღვრე სისტემა.
ქ. ბაღდათში აშენდება 41 კმ წყალმომარაგების, 46.5 კმ წყალარინების და 19 კმ სანიაღვრე ქსელი.
ქ. სამტრედიაში მიმდინარეობს 200 კმ წყალმომარაგების და 145 კმ წყალარინების ქსელის მოწყობა, დაგეგმილია 30 კმ სანიაღვრე სისტემის მშენებლობა.
სამივე ქალაქს დაემატება ჭაბურღილები, სატუმბი სადგურები, SCADA სისტემები და განახლდება არსებული ობიექტები.
გარდა ამისა, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, იგეგმება წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
პროექტების ჯამური ღირებულება 150 მლნ ევროზე მეტია და სახელმწიფო ბიუჯეტის და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 2025-2026 წლებში 24-საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით და სრულად განახლებული წყალარინების ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.