ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტები გაგზავნოს
აშშ კიევისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებით მომარაგების საკითხს განიხილავს, რადგან მოსკოვი კვლავ უარს ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ და სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, – ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა.
“თქვენ ეს კითხვა „ტომაჰავკებთან“ დაკავშირებით დასვით. ეს ის საკითხია, რომელზეც პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. პრეზიდენტი აპირებს, გააკეთოს ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ვიცი, რომ ამ წუთას ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – განუცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსს“.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს კიევისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა.
“მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ განიხილავს „ტომაჰავკის“ საკითხს, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება”,- განაცხადა უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა.