საქპატენტი 2014 წლის შემდეგ პირველად ატარებს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდას
საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გამოცხადდა მსურველთა რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს 2014 წლის შემდეგ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ პატენტრწმუნებულის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ პატენტრწმუნებულთა საკვალიაფიკაციო გამოცდის მომზადებასა და დანიშვნას წინ უძღოდა ბოლო წლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სისტემური რეფორმები, მათ შორის, საქპატენტის მიერ მომზადებული საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2024 წლის 15 მაისს.
აღნიშნული კანონი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სრულიად ახლებურად აწესრიგებს პატენტრწმუნებულის პროფესიასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ საკითხებს, რომელთა შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი სიახლეები, როგორიცაა: პატენტრწმუნებულთა 2 კატეგორიის სპეციალიზაცია – საერთო და სასაქონლო ნიშნების მიმართულებით, განგრძობადი პროფესიული განათლების ვალდებულება, პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნა და, ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ახალი პრინციპები და პროცედურები.
პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის საფუძველზე, დაინერგა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი, რომელიც ხელს შეუწყობს პატენტრწმუნებულთა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებას, ახალი პროფესიონალების მოზიდვასა და, ზოგადად, მაღალკვალიფიციური პროფესიული კორპუსის ჩამოყალიბებას. პრაქტიკულად, ეს არის სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა უფლების უკეთ დაცვაზე. ამასთან, უზრუნველყოფს რა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემისადმი სანდოობის გაზრდას, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ევროპული პატენტების აღიარება, რითაც უცხოელ განმცხადებლებს გაუმარტივდათ საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ საპატენტო სფეროში რეფორმა განხორციელდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) უშუალო მხარდაჭერით. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო მასალების შედგენაში მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და EPO-ს რეკომენდაციით შერჩეული მაღალკვალიფიციური ექსპერტები საფრანგეთიდან, აშშ-დან, ტაილანდიდან და, ასევე, ადგილობრივი პროფესიონალები.
პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაში ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი – ტესტირება: 2025 წლის 29 ნოემბერი;
II ეტაპი – წერითი გამოცდა: 2025 წლის 13 დეკემბერი.
გამოცდის ჩატარების ადგილი:
სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, მის.: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1
გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
დეტალურ ინფორმაციას სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისა და სავალდებულო მოთხოვნების შესახებ გაეცანით საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/681/
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქპატენტის ცხელ ხაზზე: +995 32 2 25 25 33.