“სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა, არის ინფრასტრუქტურული დაზიანებები; ახლა შეკრებილია ოპერატიული შტაბი” – ირაკლი ქადაგიშვილი
“რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც და მოსახლეობის მიმართულებითაც მაქსიმალური დახმარება იყოს გაწეული”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა.
“არის ინფრასტრუქტურული დაზიანებები, არის ძალიან დიდი მოვარდნის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობაში. ახლა შეკრებილია ოპერატიული შტაბი, რა თქმა უნდა, შესაბამის სამინისტროებთან პირდაპირ კონტაქტში ვართ და მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ოპერატიულად წმენდს იმ ადგილებს, სადაც წყალმოვარდნები იყო“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება.