მარტვილში ჭყონდიდლობა აღნიშნეს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდლობა” აღინიშნა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიასთან, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო.
,,მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.
დღესასწაულს საქართველოს ვიცე-პრემიერი/თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მარტვილის ცენტრში მთავარ სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სადაც სკოლის ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები (პედაგოგი ამალია ჭილაია), ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო.
მარტვილის მუნიციპალიტეტში „ჭყონდიდლობის“ აღსანიშნავი ღონისძიებები საპატიო მარტვილელის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ საპატიო მარტვილელის წოდება მიანიჭეს 10 ღვაწლმოსილ მოქალაქეს.
ჭყონდილობის აღნიშვნა კი ჯგუფი „ურსას“ კონცერტით დასრულდა”,- წერია ინფორმაციაში.