,,დამწვარი ჰქონდა სახე, ხელები, თმები, ბეჭებშიც დაჭრილი იყო დანით, ყოფილი ქმარი იყო, უთანხმოება ჰქონდათ” – რას ამბობენ ადგილობრივები კასპში მომხდარზე
კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მამაკაცმა ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო.
მომხდარს რამდენიმე მეზობელი შეესწრო, რომლებიც დეტალებს იხსენებენ.
„მე რასაც შევესწარი ანთებული მაშხალისნაირი ნივთი ესროლა გოგოს და იმ წუთში მოედო ცეცხლი სახეზე, თმებზე. რომ გაიქცა ეს გოგო დავეწიე და ავიღე ქვიშა რომ ცეცხლი ჩამექრო, დავიბენი და დავკარგე აზრი რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. შემდეგ შემოვედი სახლში ფარდა ჩამოვხსენი და გადავაფარე, საზარელი სანახავი იყო ხუთი წუთი ცეცხლი ეკიდა სახეზე – მეზობელმაც ხალიჩა ჩამოაგდო რომ ბოლომდე ჩაგვექრო ცეცხლი,“- აცხადებს თვითმხილველი.
ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს კიდევ ერთი მეზობელი.
„დამწვარი ჰქონდა სახე, ხელები, თმები, ბეჭებშიც დაჭრილი იყო დანით. ყოფილი ქმარი იყო და უთანხმოება ჰქონდათ – ამ გოგოს სცემდა და ეჭვიანობდა,“- ამბობს დაზარალებულის მეზობელი.
პლასტიკური ქირურგის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია.
„პაციენტი გადმოყვანილია კასპიდან ბენზინის აალების შედეგად სახე აქვს დამწვარი. ასევე პაციენტს მჟავაც აქვს შესხმული. ახალგაზრდა გოგო რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებიც აქვს,“- აცხადებს გუგა ქაშიბაძე.