შაქარიშვილი: ვხედავთ, რომ ახალაია რევოლუციას გვიგეგმავს – უნდა იოცნებონ, რომ ისევ ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიცვან, თორემ როგორც კი გადაკვეთენ წითელ ხაზებს, აღმოჩნდებიან ქართველი ხალხის უმრავლესობის პირისპირ და მიიღებენ პასუხს
გუშინ თუ ევროკავშირი უდრიდა კეთილდღეობას, დღეს ევროკავშირი უდრის ნგრევას, ღირებულებით დეგრადაციას, გაჭირვებას, ეკონომიკურ სტაგნაციას და ა.შ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას – „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს ევროკავშირს. არის თუ არა ვიზალიბერალიზაცია ფაქტორი, რომ ოპოზიციამ ჩამქრალი მუხტი კვლავ გააღვივოს?“
ვატო შაქარაშვილის თქმით, მცდარი თეზისია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.
„აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტია ქვეყნის შიგნითაც, განსხვავებული კონტექსტია ქვეყნის გარეთაც; შეიცვალა გეოპოლიტიკა, შეიცვალა ვითარება ევროკავშირში – გუშინ თუ ევროკავშირი უდრიდა კეთილდღეობას, დღეს ევროკავშირი უდრის ნგრევას, ღირებულებით დეგრადაციას, გაჭირვებას, ეკონომიკურ სტაგნაციას და ა.შ. ასე რომ დესაკრალიზაციას ხელი უნდა შევუწყოთ. 2030 წლისთვის შეიძლება ევროკავშირი საერთოდ აღარ არსებობდეს ამ ფორმაციით. ხედავთ რა პროცესები მიდის და როგორია წევრ ქვეყნებში მოსახლეობის წინააღმდეგობა იმ ბიუროკრატების მიმართ, როგორიცაა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და სხვა, რომლებიც არ ემსახურებიან მათივე ხალხების ინტერესებს, რამაც კატასტროფის წინაშე მიიყვანა ევროპა. ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს – თუ ისინი მზად არიან კონკრეტული დავალებით საკუთარი ქვეყნები დაანგრიონ და მიიყვანონ კატასტროფის წინაშე, რატომ უნდა ჰქონდეთ მათ კეთილი ზრახვები საქართველოსთან მიმართებით?
საქართველოს მოქალაქეებისთვის აქამდე სიმწრით მოტანილი მშვიდობა და სტაბილურობა არის ყველაზე ძვირფასი. ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ეს მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ითარგმნება და საბოლოო ჯამში აისახება ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ვინმემ ხელყოს. დღეს ჩვენ, ქართველი ხალხის უმრავლესობას არ გვინდა, რომ ჩვენი ქმედება იყოს მაპროვოცირებელი და ამან დაატრიგეროს პროცესების დესტაბილიზაცია, არევა და სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ხაზებს, მაშინ რას აპირებენ როდესაც ერთი ერთზე დარჩებიან ქართველი ხალხის უმრავლესობასთან, რომელიც ამდენი წელია მათ ბოგინს ითმენს ოპოზიციიდან? დღეს კიდევ ვხედავთ, რომ ბაჩო ახალაია 2025 წელს რევოლუციას გვიგეგმავს ქვეყანაში – დედას ვუტირებთ! მათ უნდა იოცნებონ, რომ ისევ სახელმწიფომ, ისევ ქართულმა ოცნებამ, ისევ ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიცვან ისინი, თორემ როგორც კი გადაკვეთენ წითელ ხაზებს, მაშინ ისინი აღმოჩნდებიან ქართველი ხალხის უმრავლესობის პირისპირ და მაშინ მიიღებენ საკადრის პასუხს.
რა შეიძლება გააკეთონ მოქალაქეებმა: მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და არ ჩავთვალოთ, რომ აბსოლუტურად განულებული ოპოზიციის ფონზე, გამარჯვება გარანტირებულია. ამისთვის, ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე, და კიდევ ერთხელ უნდა დავუკვეთოთ ქართულ ოცნებას, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს წესრიგი, თუ ვინმეს ხელი გადაუცდება, გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი“, – განაცხადა შაქარიშვილმა.