ვატო შაქარიშვილი – ოპოზიციაზე: ყველაფერი სცადეს ამ წლების განმავლობაში – ძალადობა, პოლიციელებზე ცეცხლის წაკიდება, პარლამენტის შენობის დაწვა, რამაც ეფექტი და შედეგი არ მოუტანა, ახლა მთელი აქცენტი არის გაკეთებული მსხვერპლზე
ოპოზიცია არაფერზე არ დგას. ვერანაირ ნარატივს ვერ ავითარებს. ოპოზიცია იდგა და გამოეცალა ეს საყრდენი, ეს იყო ის ბომბი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და რომელიც გაანეიტრალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე ოპოზიციას ყველა სცენარი ჩაუვარდა, რის გამოც გამწარებულები არიან და „აქცენტი აქვთ გაკეთებული მსხვერპლზე“.
„ყველაფერი სცადეს ამ წლების განმავლობაში – ძალადობა, პოლიციელებზე ცეცხლის წაკიდება, პარლამენტის შენობის დაწვა. ყველაფერი ვნახეთ გასულ წელს, რამაც მათ ეფექტი და შედეგი არ მოუტანა. ახლა მთელი აქცენტი არის გაკეთებული მსხვერპლზე. ის, რომ უსუსტეს მდგომარეობაში არიან ჩვენი მტრები, არ უნდა იყოს მოდუნების საფუძველი იმიტომ, რომ მტერი არის ძალიან ცბიერი, ყველაფერზე წამსვლელი და გამწარებული, შეიძლება ითქვას. იმიტომ, რომ ეს მტერი ყველა ფრონტზე სამარცხვინოდ მარცხდება რუსეთთან ომში, სამარცხვინოდ მარცხდება ევროპის კონტინენტზე. შეუქცევადი პროცესებია, ვხედავთ ევროპაში რა ხდება. გამოსვლებია ყველა ქალაქში. და სამარცხვინოდ დამარცხდნენ საქართველოში, ქართველ ხალხთან და საქართველოს სუვერენიტეტთან ბრძოლაშიც. ამიტომ ისინი არიან გამწარებული და რევანშის სურვილით შეპყრობილი აქ, აგენტურული ქსელი, რომელსაც გამოეცალა ყველაფერი, გამოეცალა ჯერ კიდევ 13 წლის წინ ძალაუფლება და ხელისუფლება, შემდგომში გამოეცალა ის დიდი ფული, რომელიც მათ აცოცხლებდა და ასაზრდოებდა. და ახლა ვხედავთ, რომ აი, ეს პირდაპირ ადამიანების გამაუპატიურებელი ბაჩო ახალაია 2025 წელსაც დგას და რევოლუციას გეგმავს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, ექნება თუ არა რადიკალურ ოპოზიციას საგარეო მხარდაჭერა არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა სურვილები ამოძრავებთ გარე ძალებს.
„ქართველმა ხალხმა მწარე გამოცდილებით ისწავლა, როგორ არ უნდა მოიქცეს. გაიშიფრა ის მთავარი სურვილი, რაც ამოძრავებთ ქვეყნის გარეთ ამ ძალებს, ამ ადამიანებს. ეს არის, რომ ჩვენი ხელით, ის, რაც თვითონ არ შეუძლიათ და რისი გაკეთებაც არ სურთ, რომ პირდაპირ რუსეთს ეომონ, საქართველოს ხელით სცადეს 2008 წელს ამის გაკეთება. ამას აკეთებენ სამი წელიწადია უკრაინის ხელით და ქართველმა ხალხმა ნახა, თუ რა მოაქვს რევოლუციას. ეს არ არის 2003 წელი, როდესაც ქართველი ხალხი ახალი გამოსული იყო სამოქალაქო დაპირისპირებების, ომების ეიფორიებიდან, ახალი დაშლილი საბჭოთა კავშირი და გამოუცდელი იყო რეალურად ქართული საზოგადოება და მაშინ სამწუხაროდ მოვტყუვდით და ვნახეთ რა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ იმ „რევოლუციის“ – სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაგეგმეს ამერიკულმა, ბრიტანულმა და ევროპულმა სპეცსამსახურებმა და განახორციელეს საქართველოში, რომ აქ ჰყოლოდათ სასურველი აგენტურული ხელისუფლება, რომელიც საჭირო მომენტში ჩვენს ქვეყანას შესწირავდა სამსხვერპლოზე მათ ინტერესებს. მათი ინტერესები არის რუსეთის გარშემო შექმნა ამ ფრონტის, მისი დასუსტების და დამარცხების“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.