მაია ბითაძე: ძალიან ვთხოვთ, ნურავინ ჩაერევა ჩვენს საქმეებში და ნუ შეუწყობს ხელს, რომ აქ პროცესების მაიდანიზაციის რაღაც ჰიბრიდული ფორმა შექმნან
ძალიან ვთხოვთ, ნურავინ ჩაერევა ჩვენს საქმეებში და ნუ შეუწყობს ხელს, რომ აქ პროცესების მაიდანიზაციის რაღაც ჰიბრიდული ფორმა შექმნან, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალების მთავარი სურვილია რაღაცნაირად სიტუაცია არიონ, მაგრამ ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, შიგნით თუ გარეთ, რომ ვინც შეეცდება ბლოკირებას თუ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას კანონის მხრიდან პასუხი გაეცემა.
„ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, შიგნით თუ გარეთ, ვინც შეეცდება ბლოკირებას თუ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას, ჩვენი ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგანან და ყველას პასუხი გაეცემა კანონის მხრიდან. საგარეო მიმართულებით ასევე ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნების შეცვლა შესაძლებელია, ნება გამოიხატება მხოლოდ არჩევნების გზით და თუ ვინმეს უნდა, დაეხმაროს დაკვირვების გზით ამ საარჩევნო პროცესს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევისგან. მათ შორის, განცხადებების კუთხით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, რადიკალებმა რაც არ უნდა მშვიდობიანი და ალერსიანი დაარქვან რევოლუციის გეგმას, არავის უნდა ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა.
„ჩვენ, ყველა მოვდივართ იმ წარსულიდან, სადაც ძალიან კარგად გვახსოვს სიტუაციის არევას დედაქალაქში რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. არავის მივცემთ უფლებას ის სტაბილურობა და სიმშვიდე, რომელიც ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს შენარჩუნებული, ამას ვინმემ ხელი შეუშალოს, რადგან შეპყრობილია დაუოკებელი სურვილით ხელისუფლებაში მოსვლისა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.