“დღეს ჩვენი თბილისისთვის ისტორიული დღეა – დედაქალაქს ამაყად უბრუნდება საქართველოს ბოლო დიდი მეფის, ერეკლე მეორის დიდი ხნით დაგვიანებული ძეგლი, რომელიც სათანადო ადგილს დაიკავებს ჩვენი ქალაქის მიერ პატივსაცემი ისტორიული გმირების პანთეონში”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
,,დღეს, პატივს მივაგებთ ჩვენს სახელოვან მეფეს, რომლის საბრძოლო ნათლობა 14 წლის ასაკში, ქიზიყში, ნეიშინის ველზე შედგა, სადაც მან ქიზიყელების რაზმთან ერთად პირველი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. სწორედ იქ შეარქვა ხალხმა ჯერ კიდევ უწვერულვაშო, მაგრამ მტრისთვის თავზარის დამცემ უფლისწულს პატარა კახი. ჩვენ დღეს ძეგლს ვუდგამთ ჩვენს სასიქადულო მეფეს, რომელიც, მშობლიური თელავის შემდეგ, ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს. ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.