“მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, სამოცწლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის; ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით” – პაპუაშვილი

“ჩვენ დღეს ძეგლს ვდგამთ ჩვენს სასიქადულო მეფეს, რომელიც, მშობლიური თელავის შემდეგ, ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ერეკლე მეორე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა.

,,მან ჩვენი ქვეყანა ურთულეს ეპოქაში გამოატარა და ბოლომდე დაიხარჯა მის სამსახურში. მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, სამოცწლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის. ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით. დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც სამასი წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო-ეროვნული საქმე.
მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომლის მმართველსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს – საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველო უპირველეს ყოვლისა – ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები