“აშკარაა, რომ ელჩი ელჩს აღარ ჰგავს, დიპლომატი – დიპლომატს, ბიუროკრატი – ბიუროკრატს. სამწუხაროდ, არავითარი სტანდარტები აღარ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, “გერმანიის ელჩი დიპლომატიც აღარაა”.
“სამწუხაროდ, ის „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრად და პროპაგანდისტად არის ქცეული. იგივეა ევროკავშირის წარმომადგენლის შემთხვევაში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.
როდესაც ასეთი ამბები ხდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, როდესაც არის შანტაჟი და ზეწოლა ხორციელდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ნათელ მომავალს და სუვერენიტეტის გაძლიერებას, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, შესაძლებლობა არსებობდეს და ეს ყველაფერი გამოსწორდეს. რასაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე წერდა, ეს არის ფაქტი, რომ შესაძლებლობა კვლავ არსებობს.
როდესაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ელჩებისა თუ ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმები შემცირდება, ეს იქნება იმის კლასიკური მაგალითი, რომ ურთიერთობები შეცვლილია“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.