აფხაზეთის მთავრობის წევრები საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკვე არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის მიზნით, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.

საუბარი შეეხო, აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საბერძნეთში სხვადასხვა კულტურულ პროექტებში დევნილების ჩართულობის შესაძლებლობებს, ასევე, ბერძენი ახალგაზრდების საქართველოში გაცნობითი და შემეცნებითი ხასიათის ვიზიტებს.

„ათენის მერს ჰარის დუკასს მადლობა გადავუხადე თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიურ და მჭიდრო სახეს მიიღებს“, – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

შეხვედრაში, რომელიც ათენის მერიაში გაიმართა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და ათენის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები