“მინდა, გულითადად მივულოცო პროფესორ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა” – პაპუაშვილი

“მინდა, გულითადად მივულოცო პროფესორ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა. ის, რომ პროფესორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, დიდ პატივისცემას იმსახურებს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, სადაც აკადემიური საქმიანობის გარდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენის ჯვარიც გადაეცა, ბევრს მეტყველებს იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ დანიშვნას ანიჭებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, არ არსებობს გერმანიასთან დაკავშირებული არცერთი ქართველი ან საქართველოსთან დაკავშირებული არცერთი გერმანელი, რომელსაც არ ეცოდინება მისი როლი ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

“სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ პროფესორი კარტოზია ყოველთვის იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი. ეს პირადი და აკადემიური მონაცემები დიდი უპირატესობაა ნებისმიერი ელჩისთვის, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ნამდვილი ხიდი იყოს და არა კედელი.

სამწუხაროა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ამჟამად მიუღებლად დაბალ ნიშნულზეა. ისინი უნდა დაუბრუნდნენ შესაბამის დინამიკას და მოცულობას, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, რომელიც 1990-იან წლებში ჩაიყარა – ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრინციპების ურთიერთპატივისცემა“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები